FBI ბანკებს მოსალოდნელი მსხვილი კიბერშეტევის შესახებ აფრთხილებს
FBI ბანკებს მოსალოდნელი მსხვილი კიბერშეტევის შესახებ აფრთხილებს

FBI ბანკებს მოსალოდნელი მსხვილი კიბერშეტევის შესახებ აფრთხილებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, ჰაკერები ბანკომატებს მილიონობით ან მილიარდობით დოლარის მოსაპარად გამოიყენებენ. FBI-ს განცხადებით, შეტევა სავარაუდოდ გლობალური იქნება და მისი სამიზნე შეიძლება, ნებისმიერი ბანკი გახდეს.

„FBI-ს აქვს დაუზუსტებელი ცნობა, რომლის მიხედვითაც, კიბერ-კრიმინალები უახლოეს დღეებში ბანკომატებიდან თანხის განაღდების სქემის გამოყენებას გლობალურად გეგმავენ“, — წერია FBI-ს განცხადებაში.

შესაძლო თავდასხმის შესახებ FBI-სთვის პირველად მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჰაკერების სამიზნე პატარა ბანკები გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჰაკერებმა ბანკების სისტემებში ვირუსული პროგრამა ატვირთეს, რომლის საშუალებითაც სურვილისამებრ შეცვალეს მომხმარებელთა ანგარიშები, რამაც შემდეგ, ბანკომატებიდან შეუზღუდავი ოდენობის თანხის გატანის საშუალება მისცა.

ამის შემდეგ, FBI-მ აშშ-ში სიფრთხილისკენ მრავალ ბანკს მოუწოდა, მაგრამ პირდაპირ საზოგადოებისთვის არ მიუმართავს. ტექსტი ხელში ჩაუვარდა უსაფრთხოების საკითხების ბლოგ Krebs on Security-ს, რომელიც მას საჯაროდ აქვეყნებს.

„ისტორიული რისკის ქვეშაა მცირე და საშუალო ზომის ფინანსური ინსტიტუციები, რისი მიზეზიც არის კიბერუსაფრთხოების კონტროლის სიმცირე, ანდაც მესამე მხარის გამყიდველის მოწყვლადობა. FBI ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ეს დანაშაულებრივი აქტივობა გაიზრდება“, — ნათქვამია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ბანკებისთვის გაგზავნილ გაფრთხილებაში.

FBI ბანკებს გარკვეულ რჩევებსაც აძლევს. მათ შორისაა ადმინისტრაციული საბანკო ანგარიშების ოდენობის შეზღუდვა, ქსელის ტრაფიკში მოწყვლადი აპლიკაციებისა და დაშიფრული ტრაფიკის კონტროლი. გარდა ამისა, FBI ბანკებს მოუწოდებს, რომ საკუთარ ქსელებში წვდომა მხოლოდ სანდო აპლიკაციებს მისცენ.

წყარო: krebsonsecurity.com