ფატმა ჯერენ იაზგანი - საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით არც ერთი გარდაცვლილი არ ჰყავს და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არ ეყოლება
ფატმა ჯერენ იაზგანი - საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით არც ერთი გარდაცვლილი არ ჰყავს და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არ ეყოლება

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს მოსახლეობას, რომლებმაც იმოქმედეს ძალიან სწრაფად და რომლებიც იცავენ წესებს, რათა ეს პანდემია საქართველოში კონტროლის ქვეშ მოექცეს, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ამ დრომდე კორონავირუსით არც ერთი გარდაცვლილი არ ჰყავს და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არ ეყოლება. ვფიქრობ, რომ მთავრობა პრობლემას ძალიან კარგად უმკლავდება. ზომები, რომლებსაც ყველა მთავრობა მიმართავს, საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. თავდაპირველად, თურქეთში ეს დაიწყო მოქალაქეებისადმი მოწოდებით, რომ შეზღუდონ გადაადგილება, დარჩნენ სახლში“, – აღნიშნა ელჩმა.

თურქეთის ელჩმა ასევე ისაუბრა იმ შეზღუდვების შესახებ, რომელიც თურქეთში დაწესდა.

„აშკარაა, რომ ჯანდაცვის სისტემას გამოწვევასთან გამკლავებაში დახმარება უნდა გავუწიოთ. სამწუხაროდ, როდესაც ნებაყოფლობითმა იზოლაციამ და კარანტინმა არ იმუშავა, ჩვენს მთავრობას ასევე მოუწია გარკვეული ზომების მიღება, მათ შორის 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის გარეთ გასვლის აკრძალვა, რადგან ისინი რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ასევე, შეზღუდვები დაუწესდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჩვენ შევზღუდეთ ქალაქებს შორის გადაადგილება, რაც თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხოთ. ქალაქიდან ქალაქში გადასაადგილებლად საჭიროა სპეციალური ნებართვა, შემოღებულია ტრანსპორტით გადაადგილების განსაკუთრებული წესი. მთავრობა აკონტროლებს ყველა მუნიციპალიტეტის შესასვლელსა და გასასვლელს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ თუ ამ წესებს მოქალაქეები არ დაიცავენ, შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.