ფატი პარასკევს ესპანეთის მოქალაქე გახდება
ფატი პარასკევს ესპანეთის მოქალაქე გახდება

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელი ანსუ ფატი უახლოეს ხანში ესპანეთის მოქალაქე გახდება.

როგორც გაზეთი „ასი“ (AS) ამტკიცებს, მოქალაქეობის გაფორმების პროცედურა ახალგაზრდა მოთამაშისთვის დაჩქარებული წესით ჩატარდება და ესპანურ პასპორტს 16 წლის ფეხბურთელი უკვე პარასკევს, 20 სექტემბერს აიღებს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას სურს, ფატი იხილოს ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც ბრაზილიაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

ფატიმ, რომელიც გვინეა-ბისაუშია დაბადებული, მაგრამ ბავშვობიდან ესპანეთში ცხოვრობს, ამ სეზონში „ბარსელონას“ რიგებში სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა, ასევე ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. მას შეეძლო საერთაშორისო არენაზე პორტუგალია წარმოედგინა, მაგრამ ესპანეთის ნაკრები აირჩია.