უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი – სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები ნოემბერში განსხვავებული ტაქტიკით გვეთამაშება, კვარაცხელიას ადგილს კი კვერნაძე დაიკავებს #1TVSPORT
უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ ერთა ლიგის მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრებისთვის მზადების გეგმებსა და მოლოდინებზე ისაუბრა. მისი გაწვრთნილი გუნდი დარჩენილ ორ მატჩს საქართველოსთან (14 ნოემბერს, თბილისში) და ჩრდილოეთ ირლანდიასთან (17 ნოემბერს, ბუდაპეშტში) გამართავს.
„წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი – ნამდვილი ბრძოლები გველის! თავდაპირველად გვსურდა, წინა შემადგენლობიდან რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი შეგვენარჩუნებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი ამჟამად ტრავმირებულია, ზოგს კი ტრავმის შემდეგ ოპტიმალური სათამაშო კონდიციები ჯერ კიდევ არ აღუდგენია.
გვჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც უფრო მეტად მოერგებოდა „ათიანის“ როლს, ვიდრე „ექვსიანის“ ან „რვიანის“ პოზიციებს. თავდასხმაში დონატ ბარანი ჯერ კიდევ არ არის 100 პროცენტით მზად, ამიტომ შანსი ეძლევა აკოშ შენდრეის, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია პრესინგის დროს. თამაშის ასეთი აგრესიული სტილი, შესაძლოა, ამ ორ მატჩში ჩვენთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. ურბლიკი კი განსაკუთრებით გამოირჩევა საგოლე გადაცემების შესრულების უნარით.
ჩვენ კარგად ვიცნობთ ორივე მეტოქეს, რადგან მათთან სულ ახლახან ვითამაშეთ. სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები წინა შეხვედრასთან შედარებით ოდნავ განსხვავებულ ტაქტიკურ მიდგომას გამოიყენებს. მაშინ ქართველებმა მეორე ტაიმში 4-2-3-1 სქემით ითამაშეს და ვფიქრობთ, ახლა, შესაძლოა, ეს მათი ძირითადი ტაქტიკური განლაგება იყოს.
მათი საუკეთესო მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია, ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. არ ვიტყოდი, რომ მას ვინმე ჩაანაცვლებს, რადგან ასეთი დონის ფეხბურთელი შეუცვლელია. თუმცა მის ადგილს კიდევ ერთი შესანიშნავი მოთამაშე, კვერნაძე დაიკავებს, რომელიც იტალიურ „ფროზინონეში“ გამოდის.
მთლიანობაში, საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე თამაშისას. სავარაუდოდ, ქართველები უფრო შემტევ ფეხბურთს აჩვენებენ, ვიდრე ეს „პუშკაშ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში იყო.
რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიელებს, ისინი ტრადიციული ირლანდიური სტილით თამაშობენ – უნდა ველოდოთ ბევრ გრძელ გადაცემას, ფლანგიდან ჩაწოდებასა და კუთხურს. ეს იქნება ფიზიკურად ძალიან დაძაბული დაპირისპირება, რომელშიც ბევრი საჰაერო ორთაბრძოლა გაიმართება.
ასეთ ეპიზოდებში გამბედაობა გვმართებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფეხბურთელები, როგორც წესი, ჩვენს მოთამაშეებზე მაღლები არიან. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მივცეთ მეტოქეს საშუალება, საკუთარ საჯარიმო მოედანთან ჩაგვკეტოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩრდილოეთ ირლანდიელები ჩვენი კარიდან მაქსიმალურად შორს უნდა დავიჭიროთ“, – განაცხადა მარკო როსიმ.