ფარული ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევა 300 ათასი დოლარი დაჯდა
ფარული ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევა 300 ათასი დოლარი დაჯდა

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევა 300 ათასი დოლარი დაჯდა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი სევერიონ დანგაძე აცხადებს.

ჩანაწერში დანგაძე ამბობს, რომ ეს თანხა საძილე ტომრების, კარვების, მანქანების საწვავზე, მიკროავტობუსების მომსახურებზე, დაზღვევაზე, ასევე პირდაპირი ჩართვისთვის საჭირო აპარატურაზე დაიხარჯა.

როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, დანგაძე იყო ის ადამიანი, რომელიც სააკაშვილსა და რუსეთში მყოფი უკრაინელ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოს შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა.

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, დანგაძეს ბრალი სამშობლოს ღალატისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებთან თანამშრომლობის მუხლით წაუყენეს. ის ამჟამად დაკავებულია.

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, მომხრეებთან ერთად, უკრაინის საზღვარი პოლონეთიდან, შეგინის გამშვებ პუნქტზე 10 სექტემბერს გაარღვია.

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 3 400 გრივნით (130 აშშ დოლარი) 22 სექტემბერს დააჯარიმა. სასამართლომ სააკაშვილი ადმინისტრაციული წესით, დამნაშავედ ცნო.