ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული 
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში, ამ ეტაპზე, 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა საჭიროებებთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ გრძელდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება უნდა გაიზარდოს და სხვადასხვა პროგრამებს თანხები დაემატოს.

როგორც ამ მოთხოვნის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ზოგადად საჭიროება და სურვილი გაცილებით მეტია, ვიდრე რესურსი არსებობს. შესაბამისად, ამ რესურსის ეფექტიანი განაწილების მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორც სამინისტროებთან, ასევე საკომიტეტო ფორმატში.

„ნებისმიერ ქვეყანაში უფრო მეტის დახარჯვის სურვილი აქვს ნებისმიერ უწყებას, ამიტომ სწორედ განხილვის პროცესი გვაძლევს არსებული რესურსის ოპტიმალურად განაწილების საშუალებას. ფაროსანასთან დაკავშირებით კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები საჭიროებებთან დაკავშირებით. შესაძლებელია, წელსვე უზრუნველვყოთ გარკვეული თანხების მოძიება, რომ საჭირო ტექნიკის შესყიდვა მოხდეს და მომდევნო წელს ამაზე დრო არ დაიკარგოს. ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 35 მილიონი ფაროსანას საწინააღმდეგოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და მოძიებული იქნება თანხა, რაც ამ პრობლემის გადასაჭრელად არის საჭირო“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ტექნიკის შეძენასა და პროგრამების დაფინანსებას, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, გადაწყდა, რომ სახელმწიფომ აღარ იყიდოს ტექნიკა, როგორც ეს ადრე ხდებოდა და ტექნიკის შეძენაში გარკვეული დახმარება გაუწიოს ფერმერებს.