ფარერელები ქუთაისში უჩვეულო სიცხემ შეაწუხა - ჩვენთან საშუალო ტემპერატურა 12 გრადუსია 
ფარერელები ქუთაისში უჩვეულო სიცხემ შეაწუხა - ჩვენთან საშუალო ტემპერატურა 12 გრადუსია 

ფარერების გუნდი „ვიკინგური“ ქუთაისშია და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეხვედრისთვის ემზადება.

დღეს, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე წინასამატჩო პრესკონფერენცია ჩაატარეს.

„საქართველოში მეორედ ვიმყოფები. 1996 წელს ბათუმში ვიყავი, თუმცა მთლად კარგად არ დამამახსოვრდა, რადგან მაშინ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ქუთაისის დათვალიერება ვერ მოვასწარით, დრო არ გვქონდა. ის კი ფაქტია, რომ ქუთაისში ძალიან ცხელა. ჩვენთვის მსგავსი სიცხე უცხოა, რადგან ფარერებზე საშუალო ტემპერატურა 12 გრადუსია, აქ კი მთელი 40 გრადუსი დაგვხვდა. „ტორპედოს“ მატჩები ვნახეთ. ძალიან რთული მეტოქეა და ადვილ შეხვედრას არ ველით, თუმცა 0:0-დან ვიწყებთ და ვიცით, რომ წინ მეორე მატჩია. ამიტომ, ვეცდებით, ხვალ ისეთ შედეგს მივაღწიოთ, რომელიც განმეორებით მატჩში დაგვეხმარება“, – აღნიშნა „ვიკინგურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიგფრიდურ კლემენტსენმა.

„საქართველოში მოლდოვის ნაკრებთან ერთად ვიმყოფებოდი და ვიცოდი, როგორი სიცხეც გველოდა. ეს ჩვენთვის მთლად სასურველი არაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კარგად ვართ მომზადებულნი და გვინდა, ეს ბარიერი დავძლიოთ“, – განაცხადა „ვიკინგურის“ მოლდოველმა ლეგიონერმა ადრიან კაშკავალმა.