ფაქისო მოჩოჩოკო - აგვისტოს ომის გამოძიება მიდის წინ და მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე
ფაქისო მოჩოჩოკო - აგვისტოს ომის გამოძიება მიდის წინ და მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე

ჰააგის სისხლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენელი ფაქისო მოჩოჩოკო აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც მან თბილისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა, გამოძიების დასრულების შესახებ ჯერჯერობით ვერ გააკეთებს განცხადებას.

„გამოძიების დაწყებისთანავე ინტენსიურად ვმუშაობთ, ვაგროვებთ იმ მტკიცებულებებს, რომლებმაც საბოლოოდ პროკურორი უნდა მიიყვანოს კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, თუ ვინ განსაჯოს. ეს პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, დიდი სიამოვნებით გეტყოდით, როდის დასრულდება მუშაობა, მაგრამ ამის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია, რადგან იმდენ ხანს გასტანს, რამდენიც აუცილებელი იქნება საჭირო და უტყუარი მტკიცებულებების შესაგროვებლად.

პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რაც უკვე მოვაგროვეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ამავდროულად, ვხვდებით მოწმეებს და ვამოწმებთ მიღებულ ინფორმაციას, ჩვენ მივდივართ წინ და ეს გამოძიებაც მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, თუ, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები ამის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა ფაქისო მოჩოჩოკომ.

ფაქისო მოჩოჩოკო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებს ძალისხმევას, რათა გამოძიების პროცესში რუსეთის ჩართვა უზრუნველყოს, თუმცა ჯერ უშედეგოდ.

„სამწუხაროდ, რუსეთი არაა ჩართული გამოძიების პროცესში, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარწმუნოთ ისინი, რათა ჩვენთან ერთად იმუშაონ. მაგრამ გამოძიება რუსეთის გარეშეც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა მათთან ერთად მუშაობა, რომ მოგვეგროვებინა ყველა სახის მტკიცებულება ორივე მხრიდან, მაგრამ თუ ამის ნება არ არის, მაშინ გავაგრძელებთ ძალისხმევას და ვიმუშავებთ იმ ინფორმაციით, რასაც მოვაგროვებთ“, – აღნიშნა ფაქისო მოჩოჩოკომ.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. მათ შორის გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს.