ფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

11:21, 12.04.2018

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ განცხადება მედიასთან რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ირაკლი ფიფიამ გააკეთა.

მისი განცხადებით, მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ საფანტის იარაღით გულ-მკერდის, მუცლისა და მარცხენა მხრის არეში ჰქონდა მიყენებული. ექიმის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა და ის კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება.

„ჭრილობა იყო შემავალი გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში. სასწრაფო წესით გაუკეთდა ოპერაცია. პაციენტი ოპერაციის შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, – განცხადა ირაკლი ფიფიამ.

ფანასკერტელის ქუჩაზე 45 წლამდე მამაკაცი გუშინ გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი