„ფაიზერით“ ვაქცინაციის მიზნით, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიდევ ერთი სივრცე მოეწყო
„ფაიზერით“ ვაქცინაციის მიზნით, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიდევ ერთი სივრცე მოეწყო

დღეს საქართველომ „ფაიზერის“ კიდევ 162 630 დოზა მიიღო. ეს კომპანიიდან შესყიდული იმ მილიონი ვაქცინის ნაწილია, რომელიც ქვეყანამ ეტაპობრივად უნდა მიიღოს.

„ფაიზერით“ მასობრივი ვაქცინაციის მიზნით, დედაქალაქში დღეს კიდევ ერთი სივრცე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კორპუსში მოეწყო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნულ სივრცეში დღეში საშუალოდ 4 000 პაციენტს ჩაუტარდება ვაქცინაცია.

„ამ ეტაპისთვის გაშლილი არის 20 ბრიგადაზე. დღეს დატვირთული არის მხოლოდ 10 ბრიგადა. საწყის ეტაპზე იქნება 1000 პაციენტი დღეში, უკვე ორ დღეში დაემატება ის ბრიგადა, რომელიც შეძლებს დამატებით კიდევ 1 000 პაციენტის გატარებას და გვერდით სივრცეში ასევე ვამზადებთ 20 ბრიგადას შესაბამისი გამტარობით. რაც გულისხმობს იმას, რომ ჰოლდინგის და სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პარტნიორობით, ამ სივრცეებში შეგვიძლია, საშუალოდ, დღეში გავატაროთ 4 000 პაციენტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

უნივერსიტეტის ეზოში სპეციალური კუთხე გამოიყო პედაგოგებისთვის, სადაც ისინი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრის გაკეთებას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უსაფრთხო სასკოლო გარემოში. ამდენად, სკოლის პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს. როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა, რათა მათი ვაქცინაცია მათი ნებით მოხდეს შეუფერხებლად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი