„ფაიზერის“ ხელმძღვანელი - დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა ჩვენი ვაქცინა აღარ შეუკვეთეს
„ფაიზერის“ ხელმძღვანელი - დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა ჩვენი ვაქცინა აღარ შეუკვეთეს

დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა ჩვენი ვაქცინა აღარ შეუკვეთეს, – ამის შესახებ კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელი ალბერტ ბურლა „ფაიზერის“ თანამშრომლების სახელზე გაგზავნილ წერილში საუბრობს.

„ჩვენ დავუკავშირდით ყველა სახელმწიფოს და ვთხოვეთ, შეკვეთა დაადასტურონ, რათა ჩვენ დოზები მოვამზადოთ. რეალურად მდიდარმა ქვეყნებმა დოზების უმეტესობა შეუკვეთეს. შევშფოთდი და პირადად მივწერე დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ლიდერებს, ასევე დავურეკე ტელეფონით და მოვუწოდე, შეეკვეთათ დოზები, რადგან რაოდენობა შეზღუდულია“, – განაცხადა ბურლამ.

მისი თქმით, საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების უმეტესობამ სხვა ვაქცინების მწარმოებლებთან ამჯობინა კონტრაქტის დადება. სახელდება ორი მიზეზი: პირველი, რომ „ფაიზერის“ ტექნოლოგია ჯერ გამოუცდელია და მეორე – აღნიშნულმა ქვეყნებმა ადგილობრივი წარმოების ვაქცინების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი.

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა საერთოდ არ დაამტკიცეს.

აღსანიშნავია, რომ „ფაიზერის“ ხელმძღვანელმა ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ მზად არიან, ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმებას დაუჭირონ მხარის, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინების წარმოებისთვის საჭირო ფორმულა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ფარმაცევტული კომპანიები ამ იდეის წინააღმდეგ გამოდიან.

„ფაიზერის“ პროგნოზით, წელს კომპანია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი მილიარდი დოზის წარმოებას შეძლებს, რომელსაც 116 ქვეყანაში ჩაიტანენ. ამ ეტაპზე დასრულებულია 450 მილიონი დოზის მიწოდება, რომელთა უმეტესობა მდიდარმა ქვეყნებმა შეისყიდეს. აშშ-ის „ფაიზერის“ ორი დოზა 39 დოლარი ღირს.

ამასთან, კომპანიაში ამტკიცებენ, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის შესყიდვის მოქნილი და შეღავათიანი სისტემა მოქმედებს.