„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, საუდის არაბეთმა და ირანმა ურთიერთობების აღსადგენად ერაყის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყეს

13:14, 18.04.2021

საუდის არაბეთმა და ირანმა ურთიერთობების აღსადგენად ერაყის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 9 აპრილს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გაიმართა, რომლის დროსაც სხვა საკთხებთან ერთად, იემენელი შიიტი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებული თავდასხმებიც განიხილეს.

საუდის არაბეთის დელეგაციას ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, ხალიდ ბინ ალი ალ-ჰუმაიდანი ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ახალი ადმინსიტრაცია იემენის ომის დასრულების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც სწორედ ირანის და საუდის არაბეთის ირიბი დაპირისპირების ადგილად განიხილება რეგიონში.

„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ერაყის პრემიერ-მინისტრი, მუსტაფა ალ-კადიმი, რომელიც საუდის არაებეთში გასული თვის ბოლოს იმყოფებოდა.

ერაყის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბაღდადი ასევე უწყობს ხელს ირანის საკომუნიკაციო ხაზების გაუმჯობესებას ეგვიპტესთან და იორდანიასთან.

მსგავსი