„ფაინენშელ თაიმსი“ - უმსხვილესი ევროპული სახელმწიფოები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემუშავებისას 200 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევას უჭერენ მხარს
უმსხვილესი ევროპული სახელმწიფოები 200 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის ძალისხმევას უჭერენ მხარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემუშავებისას, – ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედიასაშუალება წერს, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ ევროკავშირის მიერ დაყადაღებული აქტივების ჩამორთმევას, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებთან განიხილავენ მათი გამოყენების გზებს.
ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული სამი წყაროს ცნობით, ფრანგი მაღალჩინოსნები განიხილავდნენ ევროპული ქვეყნების შეთავაზებას ამ აქტივების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, თუ რუსეთი დაარღვევს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მომავალ შეთანხმებას. ეს არის კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ძალისხმევის ნაწილი.
ამ ინიციატივის მომხრეები გაყინული აქტივების რუსეთის მიერ შეთანხმების დაცვასთან მიბმას განიხილავენ, როგორც მოსკოვზე ზეწოლის გზას და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიას.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ „დიდი შვიდეულის“ მოკავშირეებმა გაყინეს 300 მილიარდი ევროს ღირებულების რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, რომელთა უმეტესობა – 190 მილიარდამდე – ბელგიის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარში, Euroclear-ში ინახება, სხვა თანხები კი – საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, იაპონიაში, შვეიცარიასა და აშშ-ში. ამ აქტივებიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენება „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინისთვის გაცემული კრედიტების დასაფარად.