„ფაინენშელ თაიმსი“ - ტრამპი-პუტინის შეხვედრის გაუქმების მიზეზია მემორანდუმი, რომელშიც რუსეთი უკრაინისგან ტერიტორიების გადაცემას, შეიარაღების შემცირებას და ნატო-ში მიღებაზე უარის თქმას ითხოვდა
აშშ-მა დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა მას შემდეგ გააუქმა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს მემორანდუმი გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტში მოსკოვმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის შემდეგი პირობები წამოაყენა: დამატებითი ტერიტორიების გადაცემა რუსეთისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება და გარანტიები, რომ უკრაინა არასდროს შევა ნატო-ში.
როგორც მედია წერს, სამიტის გაუქმების შესახებ შეერთებულმა შტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ მოსკოვი არ აჩვენებს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის.