„ფაინენშელ თაიმსი“ – რუსეთი ირანს ფრთოსანი რაკეტების განვითარებაში ეხმარება
რუსეთი ირანს ფრთოსანი რაკეტების განვითარებაში ეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საიდუმლო პროგრამა 2023 წელს დაიწყო და მისი მიზანია ისეთი ფრთოსანი რაკეტის შექმნა, რომელსაც ირანი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ავიამზიდებისა და სხვა სამხედრო ხომალდების წინააღმდეგ გამოიყენებს.
„ფაინენშელ თაიმსის“ გამოძიების თანახმად, ირანის პროგრამაში რუსეთის სარაკეტო სფეროს რამდენიმე წამყვანი სპეციალისტიც მონაწილეობს.
პროგრამის მთავარი მიმართულება ძრავის სისტემის განვითარებაა. ასეთი ტექნოლოგია ფრთოსან რაკეტას ბგერის სიჩქარეზე რამდენჯერმე სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ირანმა აღნიშნული ძრავის სისტემა უკვე გამოცადა, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ფრთოსან რაკეტას ირანი საბრძოლო მოქმედებებში იყენებს.
„ეს არის უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ტექნოლოგიის გადაცემა რუსეთისგან, რომლის შეძენაც ირანს ათწლეულების განმავლობაში სურდა“, – განუცხადა გამოცემას ექსპერტმა და Conflict Armament Research-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ფაბიან ჰინცმა.
მისივე თქმით, მსგავსი პროგრამის განხორციელებას რუსეთში უმაღლეს დონეზე პოლიტიკური თანხმობა დასჭირდებოდა.