„ფაინენშელ თაიმსი“ – ევროკავშირი რუსეთის სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საფრანგეთს კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს
ევროკავშირი რუსეთის სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საფრანგეთს კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ხელმძღვანელობა ცდილობს საფრანგეთის წინააღმდეგობის გადალახვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაგრძელებლად.
ამ კვირაში საფრანგეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ყველა სანქციის 12 თვით გახანგრძლივების წინადადება და მოითხოვეს რუსეთ-უზბეკი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის, სიიდან ამოღება. საფრანგეთის მოთხოვნა დაკავშირებულია აზერბაიჯანში საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ შემოთავაზებულ შეთანხმებასთან. ამ სიტუაციამ სანქციების სასწრაფოდ ერთკვირიანი გახანგრძლივება გამოიწვია და მას შემდეგ ოფიციალური პირები გამოსავლის პოვნას ცდილობენ. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩები დღეს კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, რათა ჩიხიდან გამოსვლა სცადონ.
კომპრომისული წინადადება გულისხმობს უსმანოვის სანქციების სიაში დატოვებას, მაგრამ ისეთი შეზღუდვის მოხსნას, როგორიცაა აქტივების გაყინვა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვა. უსმანოვი, რომელსაც რუსეთში დიდი ხნის ბიზნესინტერესები და კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან კავშირები აქვს, ევროკავშირის სანქციების ქვეშაა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.