„ფაინენშალ თაიმსი“ – ვაშინგტონი მოსკოვთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ბაზარზე ამერიკული ნავთობკომპანიების დაბრუნების საკითხს განიხილავს
აშშ-სა და რუსეთს შორის განსახილველ პროექტებს შორისაა სახალინის შელფზე ამერიკული და რუსული ნავთობკომპანიების ერთობლივი საწარმოს საქმიანობის განახლება, ასევე ამერიკული ბიზნესის მონაწილეობა „დრუჟბის“ მილსადენით ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდების აღდგენაში. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მხარეები ასევე განიხილავენ ამერიკული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის ხელახლა გახსნას, ტიტანის წარმოების სფეროში თანამშრომლობასა და რუსული კომპანია „ნოვატეკის“ მონაწილეობას ალასკაზე თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების პროექტში.
გამოცემის შეფასებით, ამ ინიციატივების განხორციელების პერსპექტივა გაურკვეველია. მაგალითად, „ფაინენშალ თაიმსი“ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანია ExxonMobil-ს ასახელებს, რომელიც ადრე პროექტ „სახალინ-1“-ის 30%-იან წილს ფლობდა. ამჟამად კომპანია ჩამორთმეული წილის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა რუსეთის ბაზარზე დაბრუნების გეგმების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
მედიის ცნობით, ვაშინგტონი რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენას უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლო სტიმულად განიხილავს. ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების საკითხში პროგრესს აბუ დაბიში დაგეგმილ მორიგ სამმხრივ მოლაპარაკებებზე მიაღწევს. შეხვედრის მთავარი თემა ომის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიები იქნება.