„ფაინენშალ თაიმსი“ - ტრამპმა ზელენსკის რამდენიმე დღე მისცა შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე საპასუხოდ, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვს
„ფაინენშალ თაიმსი“ - ტრამპმა ზელენსკის რამდენიმე დღე მისცა შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე საპასუხოდ, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვს

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღე მისცა, რათა უპასუხოს შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვს, – აღნიშნულის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ შაბათს, ორსაათიანი საუბრის დროს უიტკოფმა და კუშნერმა მასზე ზეწოლა მოახდინეს, რათა გადაწყვეტილება სწრაფად მიეღო.

როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეთანხმების დადება შობამდე სურს.

ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპის წარმომადგენლებს უთხრა, რომ პასუხის გაცემამდე ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებისთვის დრო სჭირდებოდა.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტმა არ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები სამშვიდობო გეგმის ფარგლებში უკრაინისგან დონბასის რუსეთისთვის გადაცემას ითხოვს.

„ჩვენი ტერიტორიების გადაცემის იდეა არა შეერთებულ შტატებს, არამედ რუსეთს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ამერიკა ამ საკითხში ჩვენს მხარეს იყოს. რუსეთს სურს, ჩვენი ტერიტორიები დავუთმოთ და ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.