„ფაინენშალ თაიმსი“ - თეთრი სახლის მუქარასა და ტრამპის პოლიტიკას გავლენა აქვს ასობით ათას ფონდსა და ორგანიზაციაზე, რომლებიც დაფინანსებას სოროსის ფონდიდან იღებენ
„ფაინენშალ თაიმსი“ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით – „უზარმაზარი შიში: ტრამპის მუქარამ ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაციები შეაშფოთა“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მილიარდერის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ადმინისტრაციის თავდასხმების მიმართ თავს დაუცველად გრძნობენ.
სტატიაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი მილიარდერი ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ საბრძოლო გეგმას არ მალავს.
„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, გასულ თვეში ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინას და შემოსავლების სამსახურს მოუწოდებდა, გამოეძიებინათ „შიდა ტერორიზმის“ დამფინანსებლები, სოროსი კი პოტენციურ სამიზნედ დაასახელა. ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, გააუქმოს საგადასახადო შეღავათი, რომლითაც ის არაკომერციული ჯგუფები სარგებლობენ, რომლებიც „არალეგალურ მიგრაციას“ უწყობენ ხელს.
მედიის ინფორმაციით, ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდი“, რომელსაც ამჟამად მისი ვაჟი მართავს, 25 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს და ასობით არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. ფონდი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
თუმცა, მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის მუქარასა და ტრამპის პოლიტიკას გავლენა აქვს ასობით ათას მცირე საქველმოქმედო ფონდსა და ორგანიზაციაზე, რომლებიც დაფინანსებას „ღია საზოგადოების ფონდიდან“ იღებენ.
„ყველას უნდა გვაშფოთებდეს ის ფაქტი, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავისი ძალაუფლება საქველმოქმედო არაკომერციული სექტორის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა. ამას უარყოფითი ეფექტი აქვს, თქვენ თუ პატარა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხართ, რომელიც არ ემთხვევა ამ ადმინისტრაციის პრიორიტეტებს და არ გყავთ ძლიერი ადვოკატები საკუთარი თავის დასაცავად“, – აცხადებს „დამოუკიდებელი სექტორის“ პრეზიდენტი აკილას უოტკინსი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ეხება. კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობა დონალდ ტრამპმა სწორედ რადიკალურ და პოლიტიკურად მოტივირებულ მოძრაობებს დაუკავშირა. მისი მწვავე რიტორიკის და ბრალდებების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კი ჯორჯ სოროსის ფონდი იქცა. მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ძალადობრივ ჯგუფებსა და ქმედებებს სწორედ სოროსი აფინანსებს. ხელმოწერილი დოკუმენტით კი პრეზიდენტი შესაბამის უწყებებს ავალებს, ძალადობის მხარდამჭერი ორგანიზაციების დროულად გამოსავლენად ძალისხმევა გააძლიერონ.