„ფაინენშალ თაიმსი“ - სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხო სამოგზაურო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის
„ფაინენშალ თაიმსი“ - სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხო სამოგზაურო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირისა და საქართველოს შორის უსაფრთხო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა. ზურაბიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობის ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობასა და ევროპის სავაჭრო ჯაჭვთან კავშირის გაუმჯობესებაზე.

ზურაბიშვილმა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავონ.

მისივე თქმით, „მართალია დღეს შეიძლება ჩანდეს, რომ ევროკავშირს სხვებისთვის დრო არ აქვს, თუმცა რეგიონული გაერთიანებები და ბლოკები სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება“.

„ჩვენთვის, ქართველებისთვის უფრო ცხადი გახდა, რომ ამ კრიზისის დასაძლევად, ერთადერთი პერსპექტივა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობაშია“,- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, „პანდემიამ შეიძლება გააჩინოს შეშფოთება საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, რომ მათი დაფინანსება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში ევროკავშირის მხრიდან შეიძლება შეიზღუდოს მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტის განხილვის დროს“.

„მანამდე საქართველომ ევროკავშირისგან მეტი დახმარება მოითხოვა, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკური კაბელები, ასევე სამგზავრო ბორნების გადაადგილება საქართველოს პორტებში“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.