„ფაინენშალ თაიმსი“ – საფრანგეთში მასობრივი არეულობების შედეგად სადაზღვევო კომპანიების ზარალმა, შესაძლოა, 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს

19:25, 21.10.2026

საფრანგეთში მასობრივი არეულობების შედეგად სადაზღვევო კომპანიების ზარალმა, შესაძლოა, 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს, – ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

„ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას სადაზღვევო ბროკერებიც ვარაუდობენ, რომ ზარალი მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს საღამოს ქუჩებში ვითარება შედარებით დამშვიდდა, არეულობების გაგრძელების შემთხვევაში ფინანსური ზარალი კიდევ გაიზრდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამინდელი არეულობებით გამოწვეული სავარაუდო ზარალი უკვე აღემატება 2023 წლის ივლისში მომხდარი არეულობების შედეგად სადაზღვევო კომპანიების დანაკარგებს. მაშინ, პოლიციელის მიერ მოზარდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შედეგად სადაზღვევო კომპანიებმა 798 მილიონი ევროს კომპენსაცია გასცეს.

ანალიტიკოსები ზარალის ზრდას არეულობების მასშტაბითა და ინტენსივობით, ასევე ინფლაციით ხსნიან, რამაც დაზიანებული ქონების აღდგენის ხარჯები გაზარდა.

საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრის, სერჟ პაპენის წინასწარი შეფასებით, არეულობების შედეგად ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, სამი ათასი საწარმო დაზარალდა. დარბეულ და დაზიანებულ სავაჭრო ობიექტებს შორისაა ცნობილი ბრენდების, „ლუი ვიტონისა“ და „კენზოს“ მაღაზიები.

ამასთან, სადაზღვევო კომპანია AXA-ს გენერალურმა დირექტორმა, ტომას ბიუბერლმა ხელისუფლებას მოუწოდა, არეულობების ფინანსური ტვირთი მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს არ დააკისროს. მისი განცხადებით, სახელმწიფომ სათანადოდ უნდა შეასრულოს უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება და არ დაუშვას მსგავსი მასშტაბის არეულობების განმეორება.

მსგავსი