„ფაინენშალ თაიმსი“ - რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის სახელმწიფოები იმუქრებიან, თუ ორგანიზაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმზე ვერ შეთანხმდება, მათ შეზღუდვებს დამოუკიდებლად დაუწესებენ
„ფაინენშალ თაიმსი“ - რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის სახელმწიფოები იმუქრებიან, თუ ორგანიზაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმზე ვერ შეთანხმდება, მათ შეზღუდვებს დამოუკიდებლად დაუწესებენ

ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმუქრებიან, რომ თუ ორგანიზაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმზე ვერ შეთანხმდება, მაშინ ისინი დამოუკიდებლად დაუწესებენ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთმა, ფინეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განცხადება გააკეთეს, სადაც მოუწოდებენ ევროკავშირს, დააწესოს სავიზო შეზღუდვა, რომელიც ევროკავშირის და შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირებას გამოიწვევს.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, განცხადებაზე ხელის მომწერი ხუთი ქვეყნის საზღვარი, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 700 ათასმა რუსეთის მოქალაქემ გადაკვეთა. ისინი ამ ქვეყნებს ძირითადად ტურისტის სტატუსით სტუმრობენ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ხუთი ქვეყნის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ხუთივე ქვეყანა მიიჩნევს, რომ სავიზო შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს გამონაკლისი დისიდენტებისთვის და ჰუმანიტარული მიზნებისთვის.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს და მივცეთ მათ შესაძლებლობა, დატოვონ რუსეთი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაა.