„ფაინენშალ თაიმსი“ - რუსეთის ბალისტიკურ რაკეტებს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გვერდის ავლა შეუძლიათ
„ფაინენშალ თაიმსი“ - რუსეთის ბალისტიკურ რაკეტებს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გვერდის ავლა შეუძლიათ

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთის ბალისტიკურ რაკეტებს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გვერდის ავლა შეუძლიათ. როგორც ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ უკრაინულ და დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რუსეთმა, სავარაუდოდ შეძლო ბალისტიკური რაკეტების მოდიფიცრება და მათ უკვე შეუძლიათ, გვერდი აუარონ „პეტრიოტის“ ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს.

როგორც გამოცემა ვარაუდობს, რუსეთმა მოახდინა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ მოდიფიცირება, რომლიდანაც სამიზნეების განადგურება 500 კილომეტრის რადიუსშია შესაძლებელი და ასევე განაახლა აერობალისტიკური რაკეტები „კინჟაში“, რომლებიც 480 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსული რაკეტები ჯერ ჩვეულებრივი ტრაექტორიით მოძრაობენ, შემდეგ კი მარშრუტიდან უხვევენ და მკვეთრ მანევრს აკეთებენ, რის გამოც საჰაერო თავდაცვით სისტემა „პეტრიოტს“ მათი ჩამოგდება არ შეუძლია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში უკრაინას უჭირს რუსული რაკეტების ჩამოგდება. მაგალითისთვის აგვისტოში უკრაინის საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ რაკეტების 37% ჩამოაგდო, ხოლო სექტემბერში – 6%. „ფაინენშალ თაიმსი“ ასევე წერს, რომ 2025 წელს რუსეთმა კიევის სიახლოვეს მდებარე უპილოტოების მწარმოებელ, სულ მცირე, ოთხ ქარხანაზე მიიტანა სარაკეტო დარტყმები.

სტატიის მიხედვით, 28 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე იყო თურქული „ბაირაქტარის“ ტიპის დრონების მწარმოებელი ქარხანა. მაშინ რუსეთის რაკეტებმა შეძლეს უკრაინის საჰაერო თავდაცვითი სისტემის გვერდის ავლა და დააზიანეს ევროკავშირის და „ბრიტანული საბჭოს“ ოფისები კიევში.