„ფაინენშალ თაიმსი“ - მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის „დენაციფიკაციას“ და მზად არის, დაუშვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ის უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანებაზე
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის „დენაციფიკაციას“ და მზად არის, დაუშვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ის უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მოსკოვი და კიევი განიხილავენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შესაძლო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მოიცავს უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობისკენ სწრაფვაზე უარის თქმას, უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის სანაცვლოდ. ამასთან, მედიასაშუალების რესპონდენტების ცნობით, ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
„ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში რესპონდენტები აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის პროექტი არ მოიცავს რუსეთის თავდაპირველი სამი მოთხოვნის განხილვას – „დენაციფიკაციის“, „დემილიტარიზაციის“, ასევე უკრაინაში რუსული ენის სამართლებრივი დაცვის საკითხებს.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა მოლაპარაკებები სტამბოლში 29 მარტს უნდა გამართონ.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რუსეთის მხრიდან დათმობები უკავშირდება იმას, რომ უკრაინაში მისი ერთთვიანი შეტევა ძირითადად შეჩერდა უკრაინის მოსალოდნელზე ძლიერი წინააღმდეგობისა და რუსეთის ოპერაციული სირთულეების შედეგად. თუმცა, უკრაინა და მისი დასავლელი მხარდამჭერები სკეპტიკურად განწყობილები რჩებიან პუტინის განზრახვებთან დაკავშირებით, რადგან შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა, მოლაპარაკებებს ძალების შესავსებად და ახალი შეტევის მოსამზადებლად იყენებდეს.
უკრაინის პრეზიდენტის პარტიის ფრაქციის თავმჯოდმარემ და მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ „ფაინენშელ თაიმსს“ განუცხადა, რომ მხარეები უსაფრთხოების გარანტიებთან და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა ის სიფრთხილით უდგება „გარღვევის“ პერსპექტივებს.
მისი თქმით, თითოეულ საკითხში არის შეუთანხმებელი პუნქტები. ამასთან, მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთმა ინფორმირებულმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინა შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი თითქმის ყოველდღიურად ცვლის თავის პოზიციას როგორც სამხედრო ზეწოლის კუთხით, ისე ისეთ მოთხოვნებთან დაკავშირებით, როგორიცაა კიევის „დემილიტარიზაცია“.