დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე რეფერენდუმის ჩატარებას არ განიხილავს, რადგან ეს უკრაინის შიდა საქმეა
დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე რეფერენდუმის ჩატარებას არ განიხილავს, რადგან ეს უკრაინის შიდა საქმეა

უკრაინა არ ვაჭრობს ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით, – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასეთია მათი დელეგაციის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში. დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინული დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე რეფერენდუმის ჩატარებას არ განიხილავს, რადგან ეს უკრაინის შიდა საქმეა. ამის შესახებ კულებამ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„უკრაინის პრეზიდენტმა ჩვენს დელეგაციას ძალიან მკაფიო მითითებები მისცა. ჩვენ არ ვვაჭრობთ ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით. ჩვენი პოზიცია რკინა-ბეტონისაა. ის გამყარებულია საერთაშორისო სამართლით, უკრაინის შეიარაღებული ძალებით, რუსეთის წინაღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებით, აგრესორისგან თავის დასაცავად უკრაინისთვის გადაცემული იარაღით“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, სტამბოლში 29 მარტს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარისთვის პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაა, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი – ცეცხლის შეწყვეტა და ამასთან დაკავშირებით მდგრადი შეთანხმებების მიღწევა.

კულებამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების არც ერთ პრინციპულ პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა არის აზრების, წინადადებებისა და იდეების გაცვლა-გამოცვლა.

„სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ფორმატში გრძელდება რუსულ მხარესთან უკრაინის პარტნიორების კონტაქტები, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ რუსეთს უბიძგონ, დაიკავოს უფრო კონსტრუქციული პოზიცია“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.