„ფაინენშალ თაიმსი“ – უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტთან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ შეაჩერა
უკრაინამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ შავი ზღვის მნიშვნელოვან პორტთან, ნოვოროსიისკთან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონი შიშობდა, რომ უკრაინის დარტყმები ნავთობის ბაზრის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და ზიანს მიაყენებდა ამერიკულ კომპანიებს.
„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ჯეი დი ვენსმა 31 ივლისს, სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, თავდასხმები შეეწყვიტა, რის შემდეგაც უკრაინას ტერმინალის მიმდებარედ ტანკერებზე დარტყმები აღარ მიუყენებია.
საუბარია ტანკერებზე, რომლებიც ყაზახური ნავთობის გადაზიდვას ახორციელებენ კასპიის მილსადენების კონსორციუმის ტერმინალამდე, ნოვოროსიისკის რუსულ პორტში.
წყაროების ინფორმაციით, უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას კასპიის მილსადენების კონსორციუმის ინფრასტრუქტურას, ასევე არ დაარტყას გემებს, თუ ეს გემები არ იმყოფებიან უკრაინის სანქციების ქვეშ და არ ატარებენ რუსულ ნავთობს ან სხვა რუსულ ტვირთს.
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა კიევს სთხოვა, აღარ დაერტყა შავ ზღვაში კასპიის მილსადენების კონსორციუმის ინფრასტრუქტურისთვის. მისივე თქმით, ეს კონსორციუმი ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მისი მილსადენით ყაზახური ნავთობი გადის და ეს ევროპისთვის რუსული ნავთობის ალტერნატივას წარმოადგენს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კიევი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნას დათანხმდა, რადგან ცდილობს, აშშ-ისგან „პეტრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემის წარმოების ლიცენზია მიიღოს.