„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა სუსტდება

15:34, 21.07.2026

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა სუსტდება, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები არ თანხმდებიან ისეთი ზომების მიღებაზე, რომლებმაც შესაძლოა, მათი წამყვანი კომპანიები დააზარალოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ხუთ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტენდენციის ფარგლებში, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას უკრაინის მხარდაჭერის ოთხწლიან სტრატეგიას, მთელმა რიგმა ქვეყნებმა – მათ შორის საბერძნეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ავსტრიამ და პორტუგალიამ – ბრიუსელის მიერ შემუშავებული სანქციების ბოლო პაკეტიდან გამონაკლისების დაშვება მოითხოვეს ან შემოთავაზებული ზომები სრულად დაბლოკეს.

როგორც გამოცემასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილე დიპლომატიური წყაროები აღნიშნავენ, წევრი ქვეყნების მოთხოვნებმა გააჩინა შეშფოთება, რომ ევროპა სულ უფრო ნაკლებად არის მზად, მხარი დაუჭიროს სანქციებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობით კვლავაც მოგების მიმღებ ევროკავშირის კომპანიებს აზარალებს.

ევროკავშირს სანქციების დაწესება ერთსულოვანი მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლია. გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შორის ოთხდღიანი მოლაპარაკებები ვეტოების გამო შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

„მოლაპარაკებების მაგიდასთან მორალური ვალდებულების განცდა სულ უფრო სუსტდება. დედაქალაქები ერთხმად საუბრობენ მკაცრ რიტორიკასა და სოლიდარობაზე, მაგრამ როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მიდგება საქმე, ეს ერთიანობა ქრება“, – განაცხადა „ფაინენშალ თაიმსთან“ ერთ-ერთმა დიპლომატმა.

გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის ექსპორტისა და ქვეყნის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ. ასევე მოიცავს მექანიზმს, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საექსპორტო ფასის ხელოვნურად დაბალ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად, თუმცა, „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოების ვეტოების გამო ამ სისტემის მუშაობაც საფრთხის ქვეშ დგება.

„ფაინანშელ თაიმსი“ ასევე წერს, რომ საბერძნეთი სანქციების მთელი პაკეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების გაგრძელებასთან დაკავშირებით გამონაკლისი არ დამტკიცდება.

პორტუგალიამ და გერმანიამაც მოითხოვეს, სანქციების პაკეტიდან ამოეღოთ რუსული თევზის შესყიდვის აკრძალვა. მათი განცხადებით, ეს აუცილებელია ადგილობრივი თევზის გადამამუშავებელი მრეწველობის მხარდასაჭერად.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და იტალია, როგორც მსხვილი ტურისტული მიმართულებები, მოითხოვენ, შემსუბუქდეს აკრძალვა, რომელიც უკრაინაში ომში მონაწილე რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემას ეხება.

ავსტრიამ კი კიდევ ერთხელ მოითხოვა გაყინული რუსული აქტივებიდან ორი მილიარდი ევროს განბლოკვა, რათა ავსტრიულმა Raiffeisen Bank-მა რუსეთში დაკისრებული ჯარიმის კომპენსაცია მიიღოს.

მსგავსი