„ფაინენშალ თაიმსი“ - ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო შეღავათებს ამზადებს, რათა ერევანმა შეძლოს რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების ანაზღაურება
რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ფონზე ევროკავშირში ერევნისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებენ, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო შეღავათებს ამზადებს, რათა ერევანმა შეძლოს რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების ანაზღაურება.
„ფაიანენშალ თაიმსის“ ცნობით, ევროკომისია მუშაობს ე.წ. ავტონომიურ სავაჭრო ზომებზე, რომლებიც შეამცირებს ტარიფებს სომხურ სურსათსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.
„ახლა დროა, გავააქტიუროთ ქმედებები და მხარდაჭერა, ასევე ვაჩვენოთ, რომ სანდო პარტნიორები ვართ. მათ მეგობრები სჭირდებათ. ჩვენ კი გვჭირდება მეზობლების დაცვა“, – განაცხადა გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს ზომები, რომელთა დამტკიცებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა სჭირდება, მოიცავს პროდუქტების 20 კატეგორიას, რომლებზეც ვრცელდება რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები და რომელთა საერთო ღირებულება წელიწადში 420 მილიონი ევროა.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ გარკვეულ პრობლემას ქმნის სომხური კონიაკი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, რადგან მისი წარმოება მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის. ასევე პრობლემები არსებობს მალფუჭებად პროდუქტებთან დაკავშირებითაც.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრიუსელში ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ერევანზე სავაჭრო ზეწოლას გააძლიერებს.
გამოცემის ცნობით, სომხეთის მხარდამჭერი ზომების შესახებ განცხადებას ევროკომისიაში, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გააკეთებენ.
ცნობისთვის, 30 მაისიდან რუსეთმა სომხეთიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი შეზღუდა, მათ შორის არის ხილი, ბოსტნეული, ყვავილი და კონიაკი.