„ფაინენშალ თაიმსი“ - „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები საფრანგეთში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ და ნავთობისა და გაზის ექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ, რათა მოსკოვს სამხედრო მოქმედებების დაფინანსების ძირითადი წყაროები შეუზღუდონ.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას „დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ მიაღწიეს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტიც ესწრებოდა.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორზე სანქციების გამკაცრების გზით“, – აღნიშნა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.
გამოცემის წყაროს თქმით, კონსენსუსის მიღწევას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივამ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და გაზის ფასების შემცირება გამოიწვია. ამის ფონზე, რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესება დიდი შვიდეულის ქვეყნებისთვის უფრო მისაღები გახდა.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, მოსალოდნელია, რომ ახალი სანქციები რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შემცირებასა და კრემლზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.