„ფაინენშალ თაიმსი“ – ბერძნულმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით, სულ მცირე, 3,8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს
ბერძნულმა გადამზიდმა კომპანიებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით, სულ მცირე, 3,8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტი ბერძენი მილიარდერის, ჯორჯ პროკოპიუს კომპანიამ, Dynacom Tankers-მა გამოიმუშავა – 915 მილიონ დოლარზე მეტი 2023 წლის ივლისიდან. ონასისების ჯგუფის Olympic Shipping and Management-მა – 404 მილიონი დოლარი, ხოლო Stealth Maritime-სა და Polembros Shipping-ს 200 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვთ.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ბერძენი გემთმფლობელების როლი რუსული ნავთობის გადაზიდვაში ათენსა და კიევს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა. რამდენიმე ბერძნული კომპანია უკრაინამ 2023 წელს „ომის საერთაშორისო სპონსორად“ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით საბერძნეთის მთავრობის ზეწოლის შედეგად ამოიღეს სიიდან.
ვაჭრობა ფორმალურად ნებადართულია, ვიდრე ის „დიდი შვიდეულის“ ფასის ლიმიტის ფარგლებშია (ამჟამად 44.10 დოლარი ბარელზე), თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნები და იურისტები აღნიშნავენ, რომ ამ ლიმიტის კონტროლის მექანიზმი სუსტია.
ზოგმა ბერძნულმა კომპანიამ, მათ შორის TMS Tankers-მა და Thenamaris-მა, ვაჭრობა შეამცირა 2023 წლის ბოლოს, აშშ-ის მიერ თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საზღვაო ოპერატორების მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ.
კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათი ყველა ოპერაცია სრულად შეესაბამება სამართლებრივ და სასანქციო ჩარჩოს.
უკრაინული ორგანიზაციის, Razom We Stand-ის ხელმძღვანელმა, სვეტლანა რომანკომ კი განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობა თავისი გემთმშენებლობის ინდუსტრიის ინტერესებს სანქციებსა და მშვიდობაზე მაღლა აყენებს.