„ფაინენშალ თაიმსი“ - აშშ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის 20-დან 50-მდე რაკეტის მიწოდებას შეძლებს
„ფაინენშალ თაიმსი“ - აშშ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის 20-დან 50-მდე რაკეტის მიწოდებას შეძლებს

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აშშ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის 20-დან 50-მდე რაკეტის მიწოდებას შეძლებს, – ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის თავდაცვის დირექტორმა, სტეისი პეტიჯონმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს პრინციპულად ვერ შეცვლის ომის დინამიკას.

აშშ-ის მფლობელობაში არსებული „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.

პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი მარკ კენსიანი „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ს „ტომაჰავკის“ ტიპის 4 150 რაკეტა აქვს.

„ფაინენშალ თაიმსის“ მიხედვით, ვაშინგტონს „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები, შესაძლოა, ვენესუელაზე დარტყმებისთვის დასჭირდეს.

როგორც ცნობილია, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, უკრაინისათვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემა იქნება.