Facebook-მა პოლიტიკური რეკლამის დამკვეთების გადამოწმების მეთოდის შესახებ განაცხადა
Facebook-ი პოლიტიკური რეკლამის დამკვეთებს შეამოწმებს. როგორც სოციალური ქსელის ხელმძღვანელები ამბობენ, პოლიტიკური რეკლამის დამკვეთებს საფოსტო ბარათებს გაუგზავნიან, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„თუ ვინმე გამოიყენებს ფასიან სერვისს Facebook-ზე და მოთხოვნაში ნახსენები იქნება არჩევნებში მონაწილე კანდიდატი, მაშინ ჩვენ მას ფოსტით გავუგზავნით კოდს, რომელითაც დამკვეთის იდენტიფიცირება და მისი ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდება“, – განაცხადა Facebook-ის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა კეტი ჰარბატმა.
მისივე თქმით, სოციალური ქსელი იძულებულია, “ძველი” მეთოდი გამოიყენოს, რადგან ამ გზით ყველაზე ეფექტურად მოხერხდება თაღლითების გამოვლენა.
აღნიშნული ნაბიჯი Facebook-ის წარმომადგენლებმა მას შემდეგ გადადგეს, რაც არაერთმა კანონმდებელმა და ექსპერტმა სოციალური ქსელი მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ Facebook-მა 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთის პოლიტიკური პროპაგანდის გავრცელება დაუშვა.
აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა პარასკევს რუსეთის 13 მოქალაქეს არჩევნებში ჩარევაში ბრალი ოფიციალურად წაუყენა. მათ შორის არიან პირები, რომლებიც სოციალური ქსელებით დეზინფორმაციულ კამპანიას ატარებდნენ.