Facebook-მა ათობით ათასი ყალბი რუსული ანგარიში წაშალა
Facebook-მა ათობით ათასი ყალბი რუსული ანგარიში წაშალა

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე სამართლიანი არჩევნების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ცუკერბერგის თქმით, სოციალური ქსელიდან წაიშალა რუსეთის ე. წ. ტროლების ქარხნის კუთვნილი მრავალი გვერდი და ანგარიში.

„დღეს მნიშვნელოვან ნაბიჯი გადავდგით სამართლიანი არჩევნების დასაცავად მთელ მსოფლიოში — წავშალეთ რუსული ორგანიზაცია Internet Research Agency (IRA)-ს კუთვნილი 270-ზე მეტი გვერდი და ანგარიში. IRA-ს წინააღმდეგ უკვე განვახროციელეთ მრავალი ქმდება, რათა თავიდან აგვეცილებინა მისი ჩარევა სხვადასხვა ქვეყანათა არჩევნებში. ეს რუსული ორგანიზაცია გამუდმებით ტყუილის საფუძველზე მოქმედებს და ცდილობს ხალხზე მანიპულირებას აშშ-ში, ევროპასა და თავად რუსეთში — მორჩა, მათი ადგილი Facebook-ზე აღარაა“, — წერს ცუკერბერგი.

Facebook-ის დამფუძნებელი იქვე იხსენებს მისი კომპანიის მიერ სამართლიანი არჩევნების დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებს.

„2016 წელს აღმოვაჩინეთ, რომ რუსულ სააგენტო IRA-ს შექმნილი ჰქონდა ასობით ყალბი ანგარიშისგან შემდგარი ქსელი, რომლის მიზანი იყო აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი კონტენტის გავრცელება და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. დაუყოვნებლივ დავიწყეთ მათი გლობალური საქმიანობის კვლევა და შედეგად, წავშალეთ მათი ანგარიშები და გვერდები“, — აღნიშნავს ცუკერბერგი.

მისი თქმით, მას შემდეგ Facebook-მა გააუმჯობესა ხელსაწყოები, რომლებიც ხელს უშლის ერთი ქვეყნის მიერ მეორის არჩევნებში ჩარევას, ასევე შექმნა ყალბი ანგარიშების ამომცნობი უფრო დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მას შემდეგ გამართულ რამდენიმე მნიშვნელოვან არჩვენებს.

ცუკერბერგს მაგალითის სახით მოჰყავს საფრანგეთის, გერმანიის და ალაბამის შტატის სენატის არჩევნები.

„საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, გამოვავლინეთ და წავშალეთ 30 000-ზე მეტი ყალბი ანგარიში.

გერმანიაში, 2017 წლის არჩევნებამდე, პირდაპირ ვმუშაობდით ინფორმაციის უსაფრთხოების ფედერალურ ოფისთან, რათა გაგვეგო მათ მიერ გამოვლენილი საფრთხეების შესახებ და გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება.

შარშან ალაბამის შტატის სენატის სპეციალური არჩევნებისთვის შევქმენით ხელოვნური ინტელექტის ახალი ხელსაწყოები, რომლის საშუალებითაც გამოვავლინეთ და წავშალეთ მაკედონიაში შექმნილი ყალბი ანგარიშები, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობდნენ“, — წერს ცუკერბერგი.

სოციალური ქსელის დამფუძნებელი შენიშნავს იმასაც, რომ Facebook-მა მნიშვნელოვნად გაზარდა უსაფრთხოების ინვესტირება — ამ მიმართულებით და კონტენტის გადახედვაზე უკვე დასაქმებულია 15 000 ადამიანი, რომელთა რაოდენობა წლის ბოლოსთვის 20 000-მდე გაიზრდება.

„ყველა ამ ძალისხმევის შედეგად, გართულდა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის არჩევნებში ჩარევის შანსი. დღევანდელი განახლების შედეგად, უკვე გამოვავლინეთ IRA-ს ფართო ქსელი, რომელიც თავად რუსეთის მოსახლეობაზე მანიპულირებს. უახლოეს დღეებში, მას მთლიანად წავშლით Facebook-დან“.

ცუკერბერგის თქმით, ამისათვის IRA არაერთ კომპლექსურ საშუალებას იყენებდა.

„აღმოვაჩინეთ, რომ ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით, IRA ყალბ ანგარიშთა კომპლექსურ ქსელს იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ადამიანებისა და ხელისუფლებების მიერ Facebook-ზე თავიანთ პოლიტიკურ ხედვათა გაზიარებას, არ მივცემთ საშუალებას, რათა ამისათვის ყალბი ანგარიშები გამოიყენონ. იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ორგანიზაცია ამას გაუჩერებლად სჩადიოდა, წავშალეთ მათი ყველა გვერდი, მათ შორის ისინიც, რომლებიც შესაძლოა, სულ არ ყოფილიყო ყალბი. ჩვენ მიერ წაშლილ ყველა გვერდსა და ანგარიშს IRA აკონტროლებდა“, — წერს ცუკერბერგი.

გარდა ამისა, ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირაში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც მარტივად შეამოწმებთ, გაქვთ თუ არა მოწონებული რუსული „ტროლების ქარხნის“, ანუ IRA-ს მიერ კონტროლირებადი გვერდი.

დატოვე კომენტარი