Facebook-ი უარყოფს, რომ #10yearchallenge-ს ხელოვნური ინტელექტის ტესტირებისთვის იყენებს
Facebook-ი უარყოფს, რომ #10yearchallenge-ს ხელოვნური ინტელექტის ტესტირებისთვის იყენებს

Facebook-ის განცხადებით, #10yearchallenge უბრალოდ გართობაა და არანაირი სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს კამპანია მიზანმიმართულად, მომხმარებელთა ძველი ფოტოების შესაგროვებლად აგორდა.

გამოწვევა, რომელიც Twitter-ს, Facebook-სა და Instagram-ს მოედო, ადამიანებს მოუწოდებს, თავიანთ ამჟამინდელ ფოტოსთან ერთად დაპოსტონ 2009 წელს გადაღებული სურათიც. სოციალურ ქსელებში უზარმაზარი ოდენობის ფოტო დაიპოსტა; გამოწვევას შეუერთდა არაერთი ვარსკვლავიც.

პოპულარობის ზრდასთან ერთად, გამოჩნდა გაფრთხილებებიც, რომ Facebook-სა და Instagram-ზე დაპოსტილი ფოტოები შესაძლოა, სხვადასხვა კომპანიებს მონაცემთა შესაგროვებლად გამოეყენებინათ.

ზოგიერთი იმასაც კი ვარაუდობდა, რომ გამოწვევა განზრახ იყო შექმნილი Facebook-ის მიერ, რომელიც ამ ფოტოებით ასაკის ამომცნობ ხელოვნურ ინტელექტს ტესტავდა.

მათ შორის იყო Wired-ის რედაქტორი ნიკოლას თომპსონი, რომელიც ამის შესახებ Twitter-ზე წერდა და იქვე ურთავდა საკუთარი ვებსაიტის სტატიის ბმულს, რომელშიც საუბარია Facebook-ის მიერ მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობებზე.

თომპსონის მიერ გაზიარებული სტატია პირდაპირ არ ამბობს, რომ Facebook-მა ამისათვის ეს მემე შექმნა, მაგრამ ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

თომპსონის გარდა, ამ გამოწვევის შესახებ იგივე მოსაზრება სხვა მრავალ ადამიანსაც გაუჩნდა.

საბოლოოდ, მსგავს ეჭვებს Facebook-ი გამოეხმაურა.

„#10yearchallenge მომხმარებელთა მიერ შექმნილი მემეა, რომელიც მათ ჩვენგან დამოუკიდებლად წამოიწყეს. ის კიდევ ერთხელ ამტკციებს, როგორ ერთობა ხალხი Facebook-ზე“.