ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მამარდაშვილს მადრიდის „ატლეტიკო“ იწვევს - „ვალენსიამ“ მისი შემცვლელი უკვე დაიმატა #1TVSPORT
„გიორგი მამარდაშვილით მადრიდის „ატლეტიკოა“ დაინტერესებულია. სავარაუდოდ, ის „ვალენსიას“ დატოვებს“, – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი რეალურია, რასაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარის კლუბმა, „ვალენსიამ“ მისი შემცვლელი მეკარე ოფიციალურად დაიმატა, – ამის შესახებ უკვე ესპანური გამოცემა Relevo წერს.
„გიორგი მამარდაშვილის წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე „ვალენსიამ“ მომავალი სეზონისთვის ახალი მეკარე დაიმატა და უფრო გამყარდა ვარაუდი, რომ „მესტალიაზე“ ორი შესანიშნავი სეზონის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი გუნდს დატოვებს“.
„ვალენსიამ“ კონტრაქტი გააფორმა მეკარე სტოლე დიმიტრიევსკთან, რომელიც „რაიო ვალეკანოში“ გატარებული ექვსი წლის შემდეგ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. 30 წლის ჩრდილომაკედონიელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მიუხედავად არაბული კლუბებიდან მიღებული სარფიანი შეთავაზებებისა.
მამარდაშვილის წასვლის შემთხვევაში, ეს ტრანსფერი გუნდს თავდაჯერებულობას მატებს. ცნობილია, რომ ქართველით დაინტერესებულია „ნიუკასლი“ და მზადაა, გადაიხადოს 25 მილიონი ევრო პლუს 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით. თუმცა, „ვალენსია“ კვლავ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით კი, მამარდაშვილს ასევე მადრიდის „ატლეტიკო“ იწვევს, რადგან შესაძლოა, კლუბი იან ობლაკმა დატოვოს. ჯერ მადრიდელები ამ შესაძლებლობას უარყოფენ, მაგრამ მამარდაშვილი კარგი ვარიანტია, თუ სლოვენიელი მადრიდულ კლუბს დატოვებს.
თუმცა, „ვალენსია“ მამარდაშვილის ტრანსფერში იმხელა თანხას ითხოვს, რომ „ატლეტიკო“ აუტსაიდერად უნდა ჩაითვალოს. „ნიუკასლს“ კი საუდის არაბეთიდან აქვს ფინანსური შესაძლებლობა და ზაფხულში სატრანსფერო ინვესტიციების ოდენობით მეცხრე ადგილზე იქნება“, – წერს Relevo.