იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ აღიარა, რომ მომავალში მადრიდის „რეალის“ მსგავსი კლუბის მწვრთნელობა სურს.
„ყოველდღიურად ვმუშაობ, რომ დავბრუნდე და ისეთი გუნდი გავწვრთნა, როგორიც მადრიდის „რეალია“. თუ ადამიანს მწვრთნელობა უნდა, მან მხოლოდ მწვერვალზე უნდა იფიქროს, მწვერვალი კი სწორედ „რეალი“, ეროვნული ნაკრები ან რომელიმე დიდი ევროპული კლუბია“, – მოჰყავს კანავაროს სიტყვები გამოცემა „გოლს“.
კანავარომ ფეხბურთელის კარიერა „ნაპოლიში“ დაიწყო, შემდეგ კი „პარმაში“, „ინტერში“, „იუვენტუსსა“ და მადრიდის „რეალში“ თამაშობდა. მისი ბოლო კლუბი არაბეთის გაერთიანებული საემიროების „ალ-აჰლი“ იყო, სადაც მოგვიანებით სამწვრთნელო მოღვაწეობაც დაიწყო.