ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის თიზერი ვრცელდება

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის You თიზერი ვრცელდება.

სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი. საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკე ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

სიმღერის პრემიერა უახლოეს დღეებში საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგება.

წლევანდელ მასშტაბურ კონკურსს როტერდამი 18, 20 და 22 მაისს უმასპინძლებს. ქართველი მონაწილე 20 მაისს, მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.