ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელმა, ირუ ხეჩანოვმა სასცენო დადგმაზე მუშაობა დაიწყო

15:47, 29.03.2023

ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი ბარსელონიდან დაბრუნდა და სასცენო დადგმაზე მუშაობა დაიწყო.

საქართველოში იმყოფებიან სცენოგრაფიის ცნობილი ავსტრიელი რეჟისორი მარვინ დიტმანი და ქორეოგრაფი მარი სოფი კრაისლერი, რომლებიც ირუ ხეჩანოვის საკონკურსო ნომრის დადგმაზე უკვე მუშაობენ.

მარვინ დიტმანს წლების განმავლობაში მსოფლიოს 27 ქვეყანაში 250-ზე მეტი სატელევიზიო შოუ აქვს მომზადებული, ის ასევე არის მრავალი სატელევიზიო შოუს, მუსიკალური ვიდეოს, საკონცერტო ტურის, დადგმისა და ფილმის პროდიუსერი.

ევროვიზიის რიგით 67-ე სიმღერის კონკურსს 9, 11 და 13 მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს. 2023 წლის ევროვიზიაზე 37 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველო მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება. ტრადიციულად, ევროვიზიის სამივე საღამოს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი