ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ლივერპულში ხვალ გაემგზავრება

ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ლივერპულში ხვალ გაემგზავრება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდმა დღეს მას საზეიმო გაცილება მოუწყო.

„საქართველოს დელეგაცია მიემგზავრება ევროვიზიაზე. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეში ევროვიზიის ნახევარფინალია, შემდეგ კი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ჩვენს მომღერალს ფინალშიც ვიხილავთ. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის წინასწარი მონაცემები, რომელიც ამჟამად გვაქვს. საქართველოს ევროვიზიაზე წელს წარადგენს „ვოისის“ გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი. სწორედ მის გასაცილებლად შევიკრიბეთ დღეს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის მედიის დირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ.

ამასთან, ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის თქმით, მაყურებელს ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის წარმატების მოსაპოვებლად.

„მაყურებელი სცენაზე იხილავს ძალიან ძლიერ, ემოციურსა და მყარ ირუს. გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ყველანაირად წარმატება მოვუტანო საქართველოს“, – განაცხადა ირუ ხეჩანოვმა.

ირუ ხეჩანოვი პირველ რეპეტიციას 2 მაისს გაივლის. 11 მაისს ის ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს. 13 მაისს გაიმართება ევროვიზია 2023-ის ფინალი, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.