„ევროვიზია 2019“-ისთვის ჟიური იმ სიმღერებს არჩევს, რომლებსაც „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტები შეასრულებენ
„ევროვიზია 2019“-ისთვის ჟიური იმ სიმღერებს არჩევს, რომლებსაც „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტები შეასრულებენ

„ევროვიზია 2019“-ისთვის ჟიური იმ სიმღერებს არჩევს, რომლებსაც მეგა პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტები 3 მარტს, ფინალურ ლაივ შოუზე შეასრულებენ.

შეირჩევა რამდენიმე სიმღერა, რომელსაც კონკურსის ფინალში ოთხი ფინალისტი იმღერებს. ჟიურის შერჩეული სიმღერებიდან კონკურსანტები თავად აირჩევენ, რომელ სიმღერას იმღერებენ ფინალში. გამარჯვებული კი მის მიერ ნამღერი სიმღერით „ევროვიზია 2019“-ზე წარდგება. „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულს მაყურებელი გამოავლენს.

კონკურსის შედეგად 200-ზე მეტი სიმღერა შემოვიდა. სიმღერები წარმოადგინეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა კომპოზიტორებმა.

სიმღერის შერჩევის პროცესი სამი ტურისგან შედგება. პირველი ტურის შედეგად შეირჩა 50 სიმღერა, მეორე ტურის შემდეგ კი 12, მათგან საუკეთესოს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

ჟიურის წევრები არიან ლანა ქუთათელაძე, დათო ევგენიძე, გიორგი ასანიშვილი, ზურა რამიშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, ლადო ტატიშვილი, ხათუნა კობერიძე და მანანა მორჩილაძე.

შერჩევის პროცესში ჟიურისთვის უცნობი იქნება ნაწარმოების ავტორების ვინაობა. ისინი კომპოზიციებს 10-ქულიანი სისტემით შეაფასებენ.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო ქართული სიმღერით წარდგება.