ევროთასების პლეი ოფის წილისყრა 11 დეკემბერს გაიმართება
ევროთასების პლეი ოფის წილისყრა 11 დეკემბერს გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა 11 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. ცერემონია თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. მანამდე ჯგუფური ეტაპის 16 გუნდი ორ კალათში განაწილდება: ერთში შეიყვანენ ჯგუფების გამარჯვებულებს, მეორეში – მეორე ადგილებზე გასულებს.

მერვედფინალური წყვილი არ შეიძლება დააკომპლექტონ გუნდებმა, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს, აგრეთვე, ერთი ქვეყნის გუნდებმა.

“განთესილები” პირველ მატჩებს 13, 14, 20, 21 თებერვალს სტუმრად ჩაატარებენ. განმეორებითი მატჩები 6, 7, 13 და 14 მარტს გაიმართება.


ასევე 11 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება ევროპის ლიგის 1/16 ფინალის წილისყრა. აქ “განთესილები” იქნებიან ჯგუფების 12 გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგიდან გადასული ოთხი გუნდი (საკლუბო რეიტინგით საუკეთესოები იმ რვა გუნდს შორის, რომლებმაც ჯგუფებში მესამე ადგილი დაიკავეს). “განუთესავები” იქნებიან – 12 მეორეადგილოსანი და დარჩენილი ოთხი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან.

1/16 ფინალის წყვილს ვერ შეადგენენ ერთი ქვეყნის კლუბები, აგრეთვე, გუნდები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მატჩების თარიღებია – 15 და 22 თებერვალი.