ევროსაბჭოში ისტორიული კონცერტის შემდეგ „შავნაბადამ“ მსმენელს სტრასბურგის რობერტსოს პროტესტანტულ ეკლესიაში უმასპინძლა 

ევროსაბჭოში გამართული ისტორიული კონცერტის შემდეგ ანსამბლმა „შავნაბადამ“ დღეს მსმენელს სტრასბურგის რობერტსოს პროტესტანტულ ეკლესიაში უმასპინძლა.

საკონცერტო პროგრამის დასრულების შემდეგ მაყურებელმა ანსამბლი დარბაზში აპლოდისმენტებით არაერთხელ მოაბრუნა, საბოლოოდ კი „შავნაბადას“ წევრები მაყურებელს ცეკვა-ცეკვით გაეპარნენ.

კონცერტს დიპლომატებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ სტუმრებს „შავნაბადას“ კომპაქტ დისკის შეძენა შეეძლოთ.

ცნობილ ქართულ ფოლკლორულ ნაწარმოებებთან ერთად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნის ახლებური ვერსია, რომლის პრეზენტაცია გუშინ ევროსაბჭოს მსოფლიო ფორუმის საზეიმო გახსნაზე შედგა.

ფორუმზე ქართული ანსამბლი ევროპის საბჭომ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივით მიიწვია.

„შავნაბადას” წევრების განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ქართული სიმღერები ევროსაბჭოს იმ დარბაზში შეასრულეს, სადაც წარმოითქვა ცნობილი სიტყვები, „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. თავად მასპინძლებმა კი „შავნაბადას” გამოსვლას გუშინ ერთიანობის დღესასწაული უწოდეს.