ევროსაბჭოში ბრიტანეთის წარმომადგენელი - ნუ შევცვლით წესებს, ნუ მოვარგებთ მათ რუსეთს
ნუ შევცვლით წესებს და ნუ მოვარგებთ მათ რუსეთს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ბრიტანელმა დეპუტატმა ედუარდ ლიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ანგარიშის დაჩქარება ფულის გამო ხდება.
„რეგლამენტში ცვლილებების შესახებ ანგარიში დაჩქარებული წესით შეადგინეს. რატომ ხდება პროცესის დაჩქარება? ამას აქვს ერთადერთი მიზანი, მისცეს უფლება რუსეთის დელეგაციას დაბრუნდეს ასამბლეაზე. ჩვენ ვცვლით წესებს, რათა რუსეთს დავეხმაროთ და გავუადვილოთ ეს საქმე. შეიძლება არსებობდეს ბევრი არგუმენტი, რატომ უნდა დაბრუნდეს რუსეთის დელეგაცია. შეიძლება თვლიდე, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ რუსებს, დისკუსიას ალტერნატივა არ აქვს. ამ საკითხზე დავა შეიძლება, მაგრამ ნუ შევცვლით წესებს და ნუ მოვარგებთ მათ რუსეთს. რუსეთი შეიჭრა ასამბლეის ერთ-ერთი წევრის ტერიტორიაზე, მან მოახდინა კიდევ ერთი წევრი სახელმწიფოს ნაწილის უკანონო ანექსია. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ასევე ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ ანგარიშის დაჩქარება ფულის გამო ხდება, რადგან ჩვენ რუსეთის მილიონები დაგვაკლდა. რუსეთის მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ მსურს, რუსეთის დელეგაცია დაბრუნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ქცევა შეიცვლება“, – განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, მოუხსნის თუ არა რუსეთს სანქციებს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ასამბლეის წევრები რეგლამენტში ცვლილებების შესატანად ემზადებიან, რაც საშუალებას მისცემს რუსეთის დელეგაციას, ხმის უფლება დაიბრუნოს და უკვე იანვრიდან სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ჩაერთოს ასამბლეის მუშაობაში. დოკუმენტის მომზადებას წინ უძღოდა ხმაურიანი სკანდალები და კულუარული მოლაპარაკებები.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქართველო დელეგაციის წევრი თამარ ჩუგოშვილიც.
„არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.