ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ადამიანის უფლებათა კომისარს აირჩევენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ადამიანის უფლებათა კომისარს აირჩევენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ადამიანის უფლებათა კომისარი უნდა აირჩიონ.

პირველი არხი სტრასბურგში ესაუბრა ერთ-ერთ კანდიდატს დუნია მიატოვიჩს. მიატოვიჩი 2010-2017 წლებში მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელი იყო.

“ჩემთვის უდიდეს პატივია კანდიდატებს შორის ყოფნა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტი უმნიშვნელოვანესი და ძალიან საპასუხისმგებლო პოსტია. არჩევის შემთხვევაში ჩემი პრიორიტეტი იქნება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ახალგაზრდობასთან მუშაობა, ონლაინ რადიკალიზაციის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გენდერული თანასწორობის საკითხები, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, უმცირესობის უფლებების დაცვა. ჩვენ ყველას თანაბარი უფლებები უნდა გვქონდეს. პრიორიტეტული იქნება ის საკითხი, რაც ყველაზე ახლოსაა ჩემთან. ეს არის მედიის და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტების უფლება, რათა მათ თავისუფლად, ჩარევისა და ზეწოლის გარეშე შეძლონ საკუთარი საქმიანობის შესრულება, მედია პლურალიზმი, ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა. კომისარმა უნდა შეძლოს ადაპტაცია. საკითხების გადაჭრას უნდა მივუდგეთ ღიად და შევძლოთ მათი სწრაფად გადაჭრა. პროცესი კი გამჭვირვალე უნდა იყოს და არ უნდა მოხდეს საკითხების პოლიტიზირება. კომისარი უნდა შეხვდეს წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეხვდეს მოსახლეობას და ყველა საკითხი ადგილზე გაარკვიოს. მე ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს აღვნიშნე, რომ კომისარს უნდა ჰქონდეს წვდომა წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე სრულად და დაუბრკოლებლად. კომისარს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შეხვდეს ხალხს, მისთვის ღია უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები. თუ საპარლამენტო ასამბლეა მე ამირჩევს, მაშინ დავაკაკუნებ და შევეცდები გავაღო ყველა კარი”,- განაცხადა პირველ არხთან დუნია მიატოვიჩმა.

ზამთრის სესიაზე ადამიანის უფლებათა ევროკომისის ასარჩევად ხმის მიცემის პროცედურა ხვალ დაიწყება. სესიის წევრების წინაშეა სამი კანდიდატი.