ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.
როგორც უკრაინის პარლამენტის წევრმა, სერგეი სობოლიევმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შეუძლებელია იმის გაცნობიერება, როგორ იქნებიან ევროპა და ევროკავშირი ისეთი ქვეყნების გარეშე, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.
„მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ როგორც შეუძლებელია, გავაცნობიეროთ, როგორ იქნებიან ევროპა და ევროკავშირი ისეთი თავისუფალი ერების გარეშე, როგორიცაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მათ შორის კოსოვო. ამასთან, შეუძლებელია იმის გაცნობიერება, როგორ იქნებიან ევროპა და ევროკავშირი ისეთი ქვეყნების გარეშე, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ეს კარგი შესაძლებლობაა იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩვენ ვართ ერთ ნავში, დემოკრატიის ნავში და ეს ნავი დაცული უნდა იყოს, არა მხოლოდ ეკონომიკური მეთოდებით, არამედ სამხედრო მეთოდებითაც“, – განაცხადა სერგეი სობოლიევმა.
ამასთან, რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა ტიტუს კორლატეანმა აღნიშნა, „გაფართოების პროცესი ევროკავშირისთვის ყოველთვის დიდი აქტივი იყო“.
„ასე იყო ევროპის ცენტრალური და აღმოსავლეთის ყოფილი კომუნისტური ქვეყნების შემთხვევაში, ასე არის ახლაც სხვადასხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემთხვევაში, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე საქართველოც იქნება. ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს, მაგრამ არა მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიშნებით, არამედ უნდა გამოვიყენოთ სათანადო სიტყვები“, – აღნიშნა ტიტუს კორლატეანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა ასევე საფრანგეთის სენატის სენატორი, ცენტრისტული კავშირის ჯგუფის წევრი კლოდ კერნი. მან აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მტკიცედ უნდა დადასტურდეს ევროპული პერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინების გარეშე.
„იგივე ეხება უკრაინას და მოლდოვას, ვიმედოვნებ, ერთ დღეს საქართველოსაც შეეხება, თუმცა გაწევრიანების წინა ეტაპი არის გადამწყვეტი, ჩვენ თუ გვსურს, თავიდან ავირიდოთ მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები ევროკავშირში“, – განაცხადა კლოდ კერნმა.