რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია
რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტი ავტორმა უკან გაიწვია. ინიციატივის ავტორი ბელგიელი პეტრა დე სუტერი იყო. მისივე თხოვნით, რეზოლუციის პროექტი კომიტეტს დაუბრუნდება.

რეზოლუციის პროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ავტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პროექტთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა. რეგლამენტის ცვლილებების დასამტკიცებლად საჭირო იყო ასამბლეის წევრთა ხმების ორი მესამედი.

დეპუტატების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგლამენტის ცვლილებები სინამდვილეში რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნას ისახავს მიზნად.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წევრი თამარ ჩუგოშვილი.  მისი თქმით, არ შეიძლება მოხდეს  პრეცედენტის დაშვება, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან.

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს. მოგვიანებით რუსეთმა ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე და საწევროს გადახდაზე უარი განაცხადა.