ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში საქართველოს საკითხებზე ახალი მომხსენებელი დაინიშნა

16:42, 24.01.2019

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს თანამომხსენებლად ფრანგი სენატორი, კლოდ კერნი დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფრანგმა სენატორმა შვედი დეპუტატი, კერსტინ ლუნდგრენი ჩაანაცვლა, რომელიც შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას გამოეთიშა.

„დამტკიცდა ახალი თანამომხსენებელი, ფრანგი სენატორი, ბატონი კლოდ კერნი, რომელიც ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს საქართველოს საკითხზე ორი თანამომხსენებელი ჰყავს. ერთ-ერთი მომხსენებელი, რუმინელი დეპუტატი ბატონი ტიტუს კორლატეანი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის წევრი, კვლავ რჩება მომხსენებლად. მეორე თანამომხსენებელი კი, ფრანგი სენატორი კლოდ კერნია, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იმუშავებს“, – განაცხადა სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი