ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მიესალმებიან საქართველოში პოლიტიკურ შეთანხმებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, ეროვნული ინტერესები პარტიულზე წინ დააყენონ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მიესალმებიან საქართველოში პოლიტიკურ შეთანხმებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, ეროვნული ინტერესები პარტიულზე წინ დააყენონ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მიესალმებიან საქართველოში პოლიტიკურ შეთანხმებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, ეროვნული ინტერესები პარტიულზე წინ დააყენონ.

ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შეთანხმება მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროს, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში. სრულად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ამ შეთანხმებას შეუძლია, ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციაში წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდეს. შესაბამისად, ყველა პარტია უნდა შეუერთდეს ამ შეთანხმების შესრულების ძალისხმევას. მათ, ვისაც ეს არ გაუკეთებია, უნდა მოაწერონ ხელი შეყოვნების გარეშე. საქართველო გზაგასაყარზეა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას და მოთამაშეს,  ეროვნული ინტერესი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროექტი მათი პარტიული და პირადი ინტერესებისა და სტრატეგიების წინ დააყენონ“, – ნათქვამია საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების ტიტუს კორლატეანის და კლოდ კერნის განცხადებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს მიუკერძოებელი და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სრული ნდობა ექნება.

სასამართლო სისტემის რეფორმირებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის მისალმებასთან ერთად, მომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შეთანხმებული შეფასება დაეფუძნოს ნამდვილად ინკლუზიურ პროცესს, ყველა რელევანტური მოთამაშის ჩართულობით, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ შეფასების პროცესი არის ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა  სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დარჩენილი შეუსრულებელი რეკომენდაციების შესასრულებლად. განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, რომლის ფუნქციონირება და საზოგადოებრივი ნდობის დაბალი დონე რჩება დაბრკოლებად ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის და წარმოადგენს შეშფოთების სერიოზულ მიზეზს.

„ამ მხრივ ჩვენ არ შეგვიძლია, ხაზი არ გავუსვათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების პოზიციებზე სწორად შერჩევის პროცესის მნიშვნელობას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს, რომ ყველა ეს კანდიდატი შერჩეული იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, კონსენსუსზე და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის პროცესის გზით. უზრუნველყოს, რომ ამ პირებს ჰქონდეთ რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მოთამაშეებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს არის არსებითი ამ მნიშვნელოვანი სასამართლო ინსტიტუტის ლეგიტიმურობისა და მისდამი საზოგადოებრივი ნდობისთვის“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

თანამომხსენებლები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონში ბოლო დროს მიღებულ სადავო შესწორებების გამო.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს კანონი არის საკმაოდ არასრულყოფილი საბჭოთა ეპოქის კოდექსი, რომლის დებულებები აჩენს კითხვებს პროპორციულობასთან და სათანადო სამართლებრივ პროცედურასთან დაკავშირებით, ხოლო მათგან ზოგიერთი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. შესაბამისად, მომხსენებლები იმეორებენ მათ რეკომენდაციას, რომ ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებით შემუშავდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სრულიად ახალი კანონპროექტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ის სრულად შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს.

ისინი მიესალმნენ ხელისუფლების მკაფიოდ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას ასეთი ახალი კანონის შემუშავებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვეს, რომ ახალი პარლამენტი დაიწყებს პროექტის შემუშავებას პროცესის შეყოვნების გარეშე.

თანამომხსენებლები აღნიშნავენ შარლ მიშელის შეთანხმების შედეგად საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების გაზრდილ მნიშვნელობას და მათდამი ყურადღებას. ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ჭეშმარიტად დემოკრატიულად საარჩევნო კანონმდებლობისა და დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თანამომხსენებლები მიესალმნენ, რომ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო კოდექსის შესწორებების შემუშავება მოხდა ზოგადად ინკლუზიური და კონსენსუსზე დაფუძნებული გზით.

მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, სრულად შეასრულონ ამ შესწორებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მომავალ დასკვნაში მოცემული ყველა რეკომენდაცია და დაელოდონ მათ დამტკიცებას ამ დასკვნის მიღებამდე.

დასასრულს, მათ იმედი გამოთქვეს, რომ ამ არჩევნებში მაღალი ეროვნული პოლიტიკური ინტერესის მიუხედავად, ყურადღების მიღმა აღმოჩნდება ამ არჩევნების მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის.

თანამომხსენებლებმა გამოხატეს ღრმა შეშფოთება საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად. ისინი მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, შეამსუბუქონ ეს სიტუაცია და ღრმა მწუხარება გამოთქვეს, რომ ამ ძალისხმევას აფერხებდა დე ფაქტო „ხელისუფლებების“ მიერ მოქალაქეებისა და საერთაშორიოს ორგანიზაციების თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, თანამომხსენებლები იმეორებენ მოწოდებას დე ფაქტო „ხელისუფლებებისადმი“ და რუსეთის ფედერაციისადმი, რომელიც მათზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, დაუყოვნებლივ გააუქმონ ეს შეზღდუვები.

თანამომხსენებლები ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გეგმავენ საქართველოში ვიზიტს, რათა 2022 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო ასამბლეას წარუდგინონ თავიანთი ანგარიში საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.