ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს დელეგაციაა.

როგორც საქართველოს დელეგაციის წევრმა, კახა კუჭავამ განაცხადა, რუსეთი ყველა საერთაშორისო ვალდებულებას არღვევს და მნიშვნელოვანია, საბჭო იყოს პრინციპული.

„არა მხოლოდ ჩვენ, უკრაინის დელეგაციაც ცდილობს, რუსეთის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდეს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, რომ ყველანაირი საბჭოს წესებიდან, თუ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ აღებული, არღვევენ, პატივს არ სცემენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით საბჭო იყოს პრინციპული და მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კუჭავამ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციის ამოცანაა, გამოიყენოს ყველა პროცედურული და პოლიტიკური ბერკეტი, რათა რუსეთს მუდმივად ჰქონდეს პრობლემა

„ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ შეხსენების რეჟიმში, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციას“, – განაცხადა ბაქრაძემ. საქართველოს მხარს უჭერს ბალტიისპირეთის ქვეყნის დელეგაციებიც.

უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, ოლექსი გონჩარენკომ კი, ჟურნალისტებთან საუბრისას რუსი დელეგატის, პიოტრ ტოლსტოის შეფასებები გაიხსენა.

„შეგახსენებთ, რა თქვა ბატონმა ტოლსტოიმ, რომელიც გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. მან თქვა, რომ ეს ორი მახინჯი ინვალიდი, უკრაინა და საქართველო მსოფლიო რუკაზე მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ რუსეთისთვის მისაღებია ეს. ახლა კი, ეს პიროვნება საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია. რუსეთი არღვევს ევროსაბჭოს ყველა პრინციპს და ყველა ფასეულობას, რომელიც ცივილიზებული სამყაროსთვის ღირებულია. ისინი აგრესორები არიან და თუკი არ დაისჯებიან მათი აგრესიის გამო, კიდევ უფრო შორს წავლენ. რუსეთის ახალი მსხვერპლები გაჩნდებიან, არამხოლოდ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. ახლა ვხედავთ, რომ მათ ლიბიაში შესვლა უნდათ, ხალხს ხოცავენ სირიაში“,-აღნიშნა გონჩარენკომ.

ლიეტუვის დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოში საუბრობს არის კრემლისა და არა თავისუფლების მოყვარე რუსი ხალხის შეხედულებების შესახებ.

„ამ შემთხვევაში, თუ აქ გვყავს კრემლის დელეგაცია და ხალხი ხმას აძლევს კრემლის დელეგაციას, ჩვენ ხმას წინააღმდეგ მივცემთ. ჩვენ არ გვინდა იმპერიული რუსული ინტერესის არსებობა აქ. ჩვენ აქ თავისუფლებისა და ადამიანთა უფლების დაცვისთვის ვართ. როგორც ჩანს, მისია აქვთ, რომ გააკონტროლონ კომიტეტები და როდესაც მორიგ დარღვევას ჩაიდენენ, გააჩუმონ ასამბლეა. ვეცდებით, ამას წინააღმდეგობა გავუწიოთ“,-აღნიშნა ლიეტუველმა დეპუტატმა.