ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ჰუნკომ საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინა.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მოწინავე კანდიდატებმა – სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მონაწილეობა მიიღეს არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების 59,5 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძემ კი 40,5 პროცენტი. საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ქალი გახდა. რაც შეეხება ჩვენი დელეგაციის მთავარ დასკვნებს არჩევნებთან დაკავშირებით, დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების პირველი ტურის დღეს ხმის მიცემის პროცესი კარგად იყო ორგანიზებული და ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი შეზღუდვების გარეშე გააკეთეს. მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა გაუმართლებელი უპირატესობით. აგრეთვე, ორივე მხარის კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა შელახა პროცესი. ჩვენმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ და ეხმარებოდნენ ამომრჩევლებს, ინიშნავდნენ, თუ ვინ მისცა ხმა“, – განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.

მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა არ უნდა არსებობდეს საარჩევნო პროცესში.

„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, როგორც წინა არჩევნების დროს, ჩვენ გვაცნობეს ძალადობრივი ინციდენტების, საარჩევნო ღონისძიებების ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების და სამუშაო საათების დროს საარჩევნო ღონისძიებებში საჯარო მოხელეების მონაწილეობის ცალკეული შემთხვევების შესახებ. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ყველა ეს აქტივობა შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის და წინააღმდეგობაში მოდის ევროსაბჭოს სტანდარტებთან დემოკრატიული არჩევნების სფეროში“, – განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე. მისი თქმით, დელეგაციამ ანგარიშში აღნიშნა, რომ კამპანიისა და პარტიების დაფინანსების კანონმდებლობა არ არის ერთიანი და ბოლო საკანონმდებლო შესწორებები არ შეესაბამება GRECO-ს (ევროსაბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) გრძელევადიან რეკომენდაციებს.

„მნიშვნელოვანი უთანასწორობა შემოწირულობებში და ხარჯების მაღალი ლიმიტი ხელს არ უწყობს თანაბარი პირობების შექმნას. დარეგისტრირებული იყო პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, თუმცა როგორც ჩვენს დელეგაციას სხვადასხვა წყარომ აცნობა, ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მნიშვნელოვანი რაოდენობა ეწეოდა სხვა კანდიდატების სასარგებლო კამპანიას და ამისთვის საეთერო დროსა და ბიუჯეტის თანხებს იყენებდა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ კამპანიის დროს ხარჯების სისტემა გასაოცრად გულუხვი აღმოჩნდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით და კერძო შემოწირულობებით და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მაღალია სიღარიბის დონე. დიდი ფულის როლის საკითხს მინდა შევეხო სხვა ანგარიშში, რადგან ეს პრობლემა არსებობს არამხოლოდ საქართველოში. და ბოლოს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშროლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და ვენეციის კომისიასთან არჩევნების ხარისხის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ანდრეი ჰუნკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.